შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხოელი ვიზიტორების ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს.
ტურისტები ამბობენ, რომ ისინი საქართველოს საზღვარზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ და მესაზღვრე-კონტროლიორს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი განუცხადოს, თუ სტუმრის პასუხები დამაჯერებელი არ არის.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს.
„გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის უპრეცედენტო მაჩვენებელი - 43%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ინდოელი ბიზნესმენის, აკბარ ქუშერის, განცხადებით, ის საზღვრიდან უკან, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გაუშვეს.