თბილისში ჩამოსვლას ისევ გეგმავს ორის დღის წინ უკან გაბრუნებული ინდოელი ბიზნესმენი. აკბარ ქუშერის ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევამდე აკბარ ქუშერს პოლიციასთან პრობლემა არ ჰქონია და გაუგებარია რა მიზეზით გააძევეს საქართველოდან.
ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებს დამამცირებელ მოპყრობაშიც ადანაშაულებს.
დაცვის მხარე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას და იმ პირთა დადგენას ითხოვს, ვინც ინდოელი ბიზნესმენის გაძევებისას მესაზღვრე პოლიციელებს სატელეფონო მითითებებს აძლევდა.
ადვოკატმა წერილით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
„საქართველოში ზუსტად 17-ჯერ ვარ ნამყოფი და ნამდვილად არ ვიცი რატომ შემექმნა ქვეყანაში შემოსვლის პრობლემა. მაქვს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოსვლა იმ მიზეზით ამეკრძალა, თითქოს რაღაც დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი ვთქვი. მე არ ვიცი რაზეა საუბარი, საპასპორტო კონტროლის ტერიტორია პირველი მოთხოვნისთანავე დავტოვე, რადგან არ მინდოდა კიდევ უფრო მეტი დამცირება გადამეტანა. კარგი იქნებოდა თუ რომელიმე პასუხისმგებელი პირი აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერებს ნახავდა და დაადგენდა, მქონდა თუ არა ყველა საჭირო საბუთი იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოვსულიყავი. ვიმედოვნებ, სამართალდამცველები მალე გაარკვევენ, რომ აქ საქართველოში ჩემი საქმიანობა აბსოლუტურად კანონიერია და ამ ყვეყნისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია,”-განაცხადა აკბარ ქუშერიმ.