არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია კონსტრუქციულები იქნებიან და შედეგად, ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები რადიკალურად შეიცვლება.
”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს, თუმცა დამატებითი ბერკეტები, როგორიც არის ბონუსის სისტემა, არ უნდა გაჩნდეს.
„პირველი ინდიკატორი იქნება ალბათ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათი პოზიცია. არასამთავრობო სექტორისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ დაუყოვნებლივ გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე. უბრალოდ, ამას არ უნდა მოყვეს კიდევ რაღაც დამატებითი ბერკეტების გაჩენა, როგორიც არის ბონუსების სისტემა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტად რაღაც გაუარესებებია სისტემაში და მექანიზმები, რომლებიც ერთ პარტიას მისცემს უპირატესობას, ასეთი ახალი მექანიზმები არ უდნა გაჩნდეს ამ პროცესში,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.