კიდევ ერთი გაუხსნელი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროში - რამდენიმე თვის წინ, ბიზნესმენ თემურ ალბექიონის ოჯახს, 4 ნიღბიანი თავს ღამით დაესხა. დიასახლისი ყვება, რომ 4-ვე მამაკაცი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. ცოლ-ქმარი ჯერ აწამეს, შემდეგ კი შვილებისა და შვილიშვილების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, სახლიდან 50 ათასი დოლარი და ოქრო წაიღეს.
ყაჩაღური თავდასხმა რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა, თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე დადგენილი არ არის. ოჯახი დღემდე სამართალდამცველების პასუხს ელოდება.
"კურიერის" ინფორმაციით, ბიზნესმენის ოჯახს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
ყაჩაღურ თავდასხმაზე ღიად საუბარი თემურ ალბექიონს არ სურს. ბიზნესმენი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მის ოჯახს თავს ნამდვილად დაესხნენ.
ალბექიონის მეზობლებმა მომხდარის შესახებ იციან, თუმცა დეტალებზე საუბარი საჯაროდ არ სურთ. გავრცელებული ინფორმაციით, კარლო მებაღიშვილის ქუჩის მცხოვრებლები პოლიციას არც კი დაუკითხავს.
ბიზნესმენი თემურ ალბექიონი სამშენებლო კომპანიას ფლობს და მას არა ერთ სახელმწიფო პროექტზე უმუშავია.
რა მიზეზით ვერ დაადგინა ამ დრომდე გამოძიებამ თავდამსხმელების ვინაობა, ოჯახმა არ იცის.