დაკარგული ტურისტები, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა - სტიქიამ ბოლო 24-საათში საქართველოს ოთხ რეგიონში, ხევსურეთში, კასპში, რაჭასა და ფოთში, პრობლემები შექმნა.
ადიდებულმა არაგვმა პირიქითა ხევსურეთის თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობა გარესამყაროს მოწყვიტა. მცირე მეწყერები, ანანურიდან ბარისახომდე მისასვლელ გზაზეც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარეებმა და ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა, საავტომობილო გზა და ელექტრო ბოძები დააზიანა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ელოდება.
ამ დრომდე უცნობია ხევსურეთში დაკარგული 5 ტურისტის ბედიც. დუშეთიდან წამოსული ჯგუფები უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო შატილამდეც ვერ მიდიან. ნისლის გამო, ადგილზე ვერც ვერტმფრენით მისვლა ხერხდება.
უამინდობის გამო გზა დაკარგეს ტურისტებმა კასპის რაიონთან ტყეში. სოფელ გოსტიბესთან, 4 უცხოელს მაშველებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს. ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა რაჭაც. სოფელი ღებში 400-მდე ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ონის რაიონის მაღალმთიან თემში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს, ადიდებულია მდინარეები.
დღეს დილიდან გადაუღებელმა წვიმამ ფოთში ცენტრალური ქუჩები დატბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყოველი წვიმის დროს პრობლემებს ცალკეულ უბნებში მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები ქმნის.
ამ დროისთვის მხოლოდ რაჭაში 400 აბონენტია უშუქოდ დარჩენილი. როდის დაიწყება გზის გაწმენდის სამუშაოები და როდის აღუდგება ელექტროენერგია დაზარალებულ რეგიონებს, ჯერჯერობით უცნობია.