თბილისის საქალაქო სასამართლომ მატროსოვის ციხეში მომხდარ ინცინდენტზე განცხადება გაავრცელა. მთავარი პროკურატურის პროკურორს, მატროსოვის ციხეში კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ცემაში ადანაშაულებენ. ირაკლი ფირცხალავაზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ცოტა ხნის წინ მის ოჯახს, ამავე საპატიმროში მყოფმა ასევე ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი ცააძემ აცნობა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ირაკლი ფირცხალავას მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ფირცხალავამ უარი განაცხადა მოწმის სახით გამოკითხვაზე. ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დახურული სასამართლო სხდომა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გაიმართა. სხდომის გახსნისთანავე დასაკითხმა პირმა სასამართლოს განუცხადა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას უკვე მეოთხე დღეა მიმართავს და ადვოკატის გარეშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ირაკლი ფირცხალავას მიეცა ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება მისი ადვოკატით უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ მოწმის სახით დასაკითხი პირი შეუძლოდ გახდა და პირველადი სამედიცინო დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხდომა პირის დაკითხვის გარეშე დასრულდა.“