გალის მცხოვრები კურიერს ექსკლუზიურად უყვება იმ უმძიმესი პირობების შესახებ, რისი გადატანაც მას, გალის ქართულ მოსახლეობასთან ერთად, ოკუპანტების მიერ წაყენებული ახალი ულტიმატუმის შემდეგ უხდება.
გალელი ახალგაზრდის ინფორმაციით, ოკუპანტები ქართველებისგან ახლა საკუთარ მიწაზე ბინადრობის უფლების აღებას დამამცირებელ პირობებში ითხოვენ და პირდაპირ უცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში, გალში ვეღარ დარჩებიან.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებული ახალი ულტიმატუმის შემდეგ, გალის ადმინისტრაციასთან საათობით და ხშირად რამდენიმე დღე და ღამე ლოდინი, დაგვიანებული პასუხისთვის გაუთავებელი რიგებში დგომა ახლა გალში მცხოვრები ქართველებს ყველაზე მეტად უმძიმთ. არავის უნდა ქართული პირადობის ჩაბარება, რაც გალში დასარჩენად და ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელია პირობაა.
ქართულ დოკუმენტებზე უარის თქმისა და საკუთარ მიწაზე მობინადრედ დარჩენის პირობებში, გალელები ფიქრობენ, რომ საზღვრის ჩაკეტვის საფრთხე და გალის ქართველებისგან იძულებით დაცლა უკვე რეალურია.
გალელები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, მაგრამ არ იციან, რას უნდა დაელოდონ ოფიციალური თბილისისგან.
გაურკვევლობაში დარჩენილი გალელები რეაგირებას სახელმწიფო მოხელეებს სთხოვენ. მათი შეფასებით, ხელისუფლება ამ საკითხზე არც უხმოდ, მაგრამ არც ისე ომახიანად საუბრობს, თუმცა, სურთ, რომ ამ ხმამ აქედან 35 კილომეტრში რუსულ ძერჟავამდე მიაღწიოს.