სოფელი შიდა ქართლში, რომელიც თბილისიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, საოკუპაციო ზოლთან ახლოსაა. ზემო სობისის მცხოვრების, მერაბ ჩილინგრიშვილის კუთვნილი მიწა მცოცავმა ოკუპაციამ მიიტაცა. დაზარალებული 2 ბიძაშვილთან ერთად 12 ჰექტარ მიწას ფლობდა. აქედან 6 ჰექტარი რუსმა ჯარისკაცებმა შარშან წაართვეს, დარჩენილ 6-ში კი ახალი ბანერი დადგეს და ახლა არ იცის ზუსტად, აიღებს თუ არა მოსავალს. დაკარგული მიწის გამო, მას კომპენსაცია არ მიუღია.
„რუსთავი 2“-ის არქივის მიხედვით, საოკუპაციო ხაზი 2015 წლიდან დღემდე 7-ჯერ მოინიშნა.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცხინვალის რაიონში რუსულმა მცოცავმა ოკუპაციამ 135 დასახლებული პუნქტი მიითვისა. გავლებულ მავთულხლართებთან სახლები დაიცალა, დაიშალა ან დაიწვა. მცოცავი ოკუპაციის გამო, ზოგიერთმა მოსახლემ ერთ დღეში აღმოაჩინა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზი ნელ-ნელა წინ მოიწევს. 5 ივლისს სოფელში ოკუპაციის ზოლში კიდევ ერთი ახალი ბანერი ჩაიდგა, რამაც ერთ-ერთი მოსახლის კუთვნილი მიწა მიითვისა, ის ახლა სახელმწიფოს დახმარებას ელოდება.
ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.