2015 წლის აგვისტოში, ელიავას ბაზრობაზე, კერძოდ, საღებავების საამქროში მომხდარი ხანძარი ამ დრომდე გამოსაძიებელია. მნიშნელოვანია, რომ ამ შემთხვევას არა მხოლოდ დაზარალებულები ჰყავს, არამედ მსხვერპლიც მოჰყვა.
სამართალდამცველებს დამატებითი ინფორმაცია ხანძრის თაობაზე, 2 წლის განმავლობაში არ გაუჟღერებიათ, თუმცა, ფაქტია, რომ ერთ-ერთი დაღუპულის, მამუკა რუხაძის ქვრივი, ქეთევან ფერაძე პასუხებს ელოდება. მისი ეჭვები მას შემდეგ უფრო გამყარდა, როდესაც საქმეში მოწმეები გაჩნდნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ცეცხლი კომპანია „პროფიკოლ+“-ში ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ლევან ბოჭორიშვილმა გააჩინა. ქეთევან ფერაძე კონკრეტულ პირზეც საუბრობს, რომელმაც მისი მეუღლის კომპანიიდან სოლიდური თანხა მიითვისა.
კომპანია „პროფიკოლ+“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ალექსანდრე წიკლაური ყვება, რომ დაღუპული მეპატრონე, მამუკა რუხაძე მას ხშირად უყვებოდა იმის შესახებ, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ იმნაიძე კომპანიის საზიანო საქმიანობას ეწეოდა. მოგვიანებით იმნაიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, კომპანიაში აცხადებენ, რომ იმის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ, რომ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დიდი ოდენობით თანხა მიითვისა. ამ ინფორმაციას ნიკოლოზ იმნაიძის ადვოკატი გამორიცხავს.
აღსანიშნავია, რომ იმნაიძემ მალე საკუთარი მაღაზია გახსნა, სადაც „პროფიკოლ+“-ის თანამშრომელთან ნაწილიც გადავიდა, თუმცა, ერთ-ერთი მათგანი დაბრუნდა და ეს ლევან ბოჭორიშვილი იყო. თავად ბოჭორიშვილის პოზიცია ბრალდებებზე უცნობია.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.