„კურიერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ნათესავს ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არაერთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ირკვევა, რომ სუს-ის უფროსის ახლო ნათესავის კომპანია „ბეიკერმა“ პატიმრების პურით მომარაგებისთვის მხოლოდ 6 თვის განმავლობაში მილიონ-ნახევარის შემოსავალი მიიღო.
სასჯელაღსრულების მინისტრის, კახი კახიშვილის განცხადებით, კომპანია „ბეიკერთან“ უწყებამ რამდენჯერმე ხელახალი შეთანხმება გამარტივებული წესით ისე გააფორმა, რომ კომპანიის 50 %-იანი წილის მფლობელის ზურაბ გიორგაძის ვახტანგ გომელაურთან ახლო ნათესაობის შესახებ არაფერი იცოდა.
თავად კომპანიის წარმომადგენლები ვახტანგ გომელაურთან ნათესაური კავშირების გამოყენებას უარყოფენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროში შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაცია დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციამ“ გაასაჯაროვა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მრავალმილიონიანი შეთანხმებების უტენდეროდ გაფორმება უწყების ჩვეულებრივი საქმიანობის ნაწილია, არაერთი გახმაურებული საქმის შემდეგ კი სამინისტრომ პატიმრების კვებით მომარაგების შესახებ ტენდერების დიდ ნაწილს გრიფიც კი დაადო.
ორგანიზაციის ბრალდებებს სასჯელაღსრულების უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ.