16 ივნისი 2024,   02:56
ვრცლად
იგეგმება ახალი პროვოკაცია გიორგის და მიხეილის მიმართ - ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები შესაძლოა, ისევ დააკავონ

ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრები, გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი, შესაძლოა, ისევ დააკავონ.

საქმის გამოძიების დეტალებზე გიორგი ქებურიამ დღეს, მოძრაობა თეთრი ხმაურის წარმომადგენლებთან ერთად, ისაუბრა. ჯგუფის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ისინი სამართალდამცველებმა შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააკავონ.

მათი მტკიცებით, შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და მუსიკოსები კრიმინალებად ისე შერაცხა, რომ საქმეზე გამოძიება დასრულებული ჯერაც არ არის.

 „მე ახლაც კი არ გავაკეთებ ზუსტ განცხადებას, რომ მინისტრმა ეს იცოდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. უბრალოდ, მე ვთვლი, რომ მინისტრი უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის გამოსვლას და დაუმთავრებელი გამოძიების პირობებში აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვართ კრიმინალები და ეს იყო ჩვენი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, - განაცხადა გიორგი ქებურიამ.

გიორგი ქებურიას დედის, ლელა რეხვიაშვილის, თქმით, იგეგმება, რომ მის შვილსა და მიხეილ მგალობლიშვილს ნარკოტიკული საშუალება კიდევ ჩაუდონ. 

„იგეგმება ახალი პროვოკაცია გიორგის და მიშიკოს მიმართ, რომ მათ უნდათ, განმეორებით მოაწყონ ეს სანახაობა, კიდევ მოხდეს ჩადება, ოღონდ არა მათ მიერ, არამედ სხვა შერჩეული ჯგუფის მიერ, რომ თქვან, აი, ხედავთ, ჩვენ თუ ცუდები ვართ, ისინიც ცუდები არიან? ამის საშიშროება არის, რადგან ისინი არიან კედელთან მიმწყვდეულები“, - განაცხადა ლელა რეხვიაშვილმა. 

დღის ამბები