ადიდებულმა მდინარემ შატილის მიმდებარედ საავტომობილო გზა დააზიანა და დასახლება ამ დროისთვის კვლავაც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მანამდე, პირიქითა ხევსურეთამდე მისასვლელი გზა დათვისჯვრის უღელტეხილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა.
„მოწყვეტილები ვართ ამჟამად, ცუდი სიტუაციაა და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით. ფეხით სასიარულოდაც კი ძალიან საშიშია, გზა არ არსებობს,“ - ამბობს შატილის მცხოვრები მაყვალა დაიაური.
მაყვალა დაიაური "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ სოფელში ზოგან გზა არ არსებობს. ადგილობრივის თქმით, ამ დროისთვის შატილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაყვალა დაიაურის თქმით, ტურიზმის მხრივაც რთული მდგომარეობაა.