ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება, პროკურატურა მამა გიორგი მამალაძეს სხვადასხვა შპს-ში „მამაოს თანამდებობის“ დაკავებასა და ანგარებაში ადანაშაულებს.
„ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ს მამაოდ. ყოველთვიურად იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს და მათ შორის, საახალწლოდ - პრემიებსაც. ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს სხვადასხვა სასულიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა, ის დაკავებული იყო ანგარებით და უსაფუძვლო გამდიდრებებით, მათ შორის, საპატრიარქოს ქონების მეშვეობით,“ - განაცხადა პროკურორმა, ზვიად გუბელიძემ.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შპს-ს წარმომადგენლები ქველმოქმედების სახით, როგორც სულიერ მოძღვარს, მამა გიორგის თანხას აძლევდნენ და სტატუსი „შპს-ს მამაო“ არ არსებობს.
„შპს-ს მამაო - ასეტი სტატუსი მე არ გამიგია. შპს-ს დირექტორი და დამფუძნებელი ვიცი,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ბრალდებულ დეკანოზს ციანიდი პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა და მისი უცნაური თხოვნების შესახებ არა ერთი მოწმე საუბრობს.
„აცხადებენ, რომ მდივან-რეფერენტისგან არა ერთხელ მოდის ისეთი დავალებები, თხოვნები ან მითითებები, რომელიც საერთოდ არ შედის მდივან-რეფერენტის, გამომცემლობის რეფერენტის ფუნქციებში, მაგრამ ის მსგავს დავალებებს არა ერთხელ გასცემს. შესაბამისად, ალოგიკური არ იყო, რომ მან დეკანოზს სთხოვა აღნიშნული საკითხის გარკვევა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.