18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
საზღვრიდან 2-ჯერ გაბრუნებული ინდოელი ბიზნესმენის ადვოკატი ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს

ინდოელი ბიზნესმენის ინტერესების დამცველი, მანანა აფხაძე ხელისუფლებას მიმართავს და აკბარ ქურეშის საქმეზე განმარტებებს ითხოვს. ადვოკატი იმ მიზეზების დასახელებას ელოდება, რის გამოც, ინდოელ ბიზნესმენს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი უთხრეს. მისი განცხადებით, შემთხვევიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა არცერთი სახელმწიფო უწყებიდან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა. ადვოკატი პრემიერსაც აკრიტიკებს, რადგან მან ოფიციალურ განცხადებაში ბიზნესმენი ტურისტად მოიხსენია.

„ეს პიროვნება არ გახლავთ ტურისტი, მას აქვს საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები. თანხები საკმაოდ დიდია - 300-400 მილიონზე საუბრობს, ის დღემდე ითხოვს ჩემთან ერთად, სათვალთვალო კამერების მონაცემებს, რითაც ჩვენ დავადასტურებდით, რომ ბატონი აკბარი ძალიან თავაზიანად მიმართავს უფლებამოსილ პირებს. ყველა საბუთი აქვს წესრიგში მას, წარმოადგინა ყველა მტკიცებულება," - აცხადებს მანანა აფხაძე.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საზღვარზე უმიზეზოდ არ შემოუშვეს და მას სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალებასაც არ აძლევენ.

"უმიზეზოდ იქნა გაშვებული ბატონი აკბარი ხელმეორედ 2017 წლის 5 ივლისს და მაშინ მე ვრჩები, პრაქტიკულად ხელმოცარული, როდესაც მე უნდა მივმართო, გავაგრძელო სასამართლო დავები და ა.შ. და არ არსებობს მტკიცებულება და ამას ვერ მიაღწია ვერც სახალხო დამცველმა,“ - განაცხადა მანანა აფხაძემ.

ინდოელ ბიზნესმენს ქვეყანაში შემოსვლაზე ორჯერ უთხრეს უარი, თუმცა, რა გახდა ამის მიზეზი, აკბარ ქურეშისთვის ამ დრომდე უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები