ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრები ადვოკატები იმედოვნებენ, რომ პროკურატურა რეპერების დაკავების დროს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დარღვევებზე სრულფასოვან გამოძიებას ჩაატარებს, რადგან, მათი თქმით, პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევების რეალური ფაქტები არსებობს.
„იმედი გვაქვს იმისა, რომ პროკურატურა ჩაატარებს ობიექტურ გამოძიებას, მითუმეტეს, რომ რეალურად არსებობს ამის მტკიცებულებები,“ - აცხადებს ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი.
მუსიკოს გიორგი ქებურიას ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, დაცვის მხარემ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და ფაქტობრივად, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა დაამტკიცა.
„ერთი თვის განმავლობაში დაცვის მხარემ არა ერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რომლითაც დაადასტურა ფაქტობრივად, გიორგი ქებურიას უდანაშაულობა,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა ისინი შესაძლოა, კვლავ დააკავონ და ამის მიზეზი, მათივე თქმით, შსს-ს თანამშრომლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იქნება.