ჯანდაცვის მინისტრის მიერ ორი კვირის წინ გამოცემულ ბრძანებას უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. ახალი რეგულაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დიპლომის შემდგომ განათლებას უცხო ქვეყნებში იღებენ, საქართველოში ექიმის ლიცენზიის მიღება ეზღუდებათ.
დოკუმენტის მიხედვით, ახალგაზრდები სალიცენზიო გამოცდაზე დამატებითი კურსის გავლის გარეშე არ დაიშვებიან. სიახლე საზღვარგარეთ მყოფებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ცვლილება ძირითადად იმ რეზიდენტებს ეხებათ, რომლებიც დიპლომის შემდგომ განათლებას რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში იღებენ. საუბარი 500-მდე ახალგაზრდაზეა, რომლებიც საქართველოში დაბრუნებასა და აქ დასაქმებას გეგმავდნენ. მინისტრის ბრძანების შემდეგ ექიმის ლიცენზიის აღებამდე მათ დამატებით, თითქმის, ერთწლიანი სწავლა და შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევთ.
ჯანდაცვის სამინისტრო კი კანონის გადახედვას არ აპირებს. თუ სამინისტრო პოზიციას არ გადახედავს, შესაძლოა, დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს. სტუდენტთა ნაწილმა იურისტებს უკვე მიმართა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე