შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ ინციდენტს იძიებს. საუბარია ჩაიხანაში მომხდარ ფაქტზე, სადაც ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მისულ პოლიციელს ფიზიკურად უსწორდებიან. ფაქტი ასახულია სათვალთვალო კამერაზეც. "კურიერის" მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ მას შეურაცხყოფას ქალი აყენებს. მისი დაკავების მცდელობისას კი, პოლიციელს სახეში მამაკაცი, სერგეი მასროპიანი ურტყამს.
როგორც ცნობილია, ამ ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა და მას სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგეი მასროპიანი სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს ამ განჩინებას წინ პოლიციის გადაწყვეტილება უძღვოდა, რომელმაც პოლიციელზე თავდასხმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე, დაუმორჩილებლობის მუხლით დააკვალიფიცირა.
გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი მასროპიანი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ლაშა გოგნიაშვილის მეგობარია. "კურიერის" წყაროს ცნობით, პოლიციელის ცემის საქმეზე გამოძიება უფრო მსუბუქი მუხლით სწორედ ლაშა გოგნიაშვილის მოთხოვნით დაიწყო.
უბნის ინსპექტორი, რომელმაც სახის დაზიანება მიიღო, კომენტარს არ აკეთებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წინააღმდეგ მუქარისა და ძალადობისთვის მიმდინარეობს. თუმცა, უწყება მძიმე მუხლებით მხოლოდ მომხდარ ფაქტს იძიებს. გამოძიების მიერ ჯერჯერობით დაუდგენელია, გაუსწორდნენ თუ არა პოლიციელს ფიზიკურად.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.