პროტესტის რადიკალური ზომებით იმუქრებიან ფოთელი მეთევზეები. ისინი პალიასტომის ტბაზე თევზჭერის შეზღუდვას აპროტესტებენ. მეთევზეები დღეს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათი თქმით, 300-ზე მეტი ოჯახი თავს თევზაობით ირჩენს და პალიასტომის ტბა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მეთევზეები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ, რაც დაცულ ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს.
დღევანდელ აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაიაც შეურთდა. მეთევზეებმა ხელისუფლებას, საკითხის მოსაგვარებლად, ერთკვირიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გზის პიკეტირებით იმუქრებიან.
„მივმართავ ცენტრალურ ხელისუფლებას, ერთ კვირაში კეთილს ინებებთ, აწევთ თქვენ საჯდომებს, მოხვალთ ამ ადამიანებთან, გადაუწყვიტავთ პრობლემას, არა და ჩაიკეტება ეს გზა,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.