მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ვლადიმერ პუტინის „ედინაია რასიას“ და „კომუნისტური“ პარტიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას მმართველ გუნდში აფასებენ. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მხრიდან მსგავსი მოლაპარაკებების წარმოება სახელმწიფოებრივად მიზანშეწონილი არ არის.
„პარალელური პროცესების წარმართვა, მითუმეტეს, იმ პოლიტიკური გუნდის მიერ, ვისაც არ აქვს სახელისუფლო რესურსი ხელში, წამგებიანია. სახელმწიფოებრივად არ არის მიზანშეწონილი,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.
ქართველმა დეპუტატებმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის თაობაზე ისაუბრეს. გიორგი ვოლსკის თქმით, კანონის გადახედვაზე „ქართული ოცნების“ გუნდი უკვე დიდი ხანია მუშაობს.
"რაც შეეხება კანონის გადახედვას, ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ, მაგრამ რეალურად, თვითონ ვითარება გვიშლის ხელს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი ურთიერთობები აფხაზებთან, ოსებთან, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზს იქით ცხოვრობენ და ბევრი სხვა ელემენტი, მაგრამ არა ის ელემენტები, რომლებსაც მაინცდამაინც, ვთქვათ, კალაშნიკოვი ითვალისწინებს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ რუსეთთან მიმართებაში მმართველი გუნდი პრაგმატულ პოლიტიკას განაგრძობს.
„ჩვენ განვაგრძობთ პრაგმატულ პოლიტიკას ოკუპანტთან მიმართებით, ამისთვის არის საერთაშორისო ბერკეტები, ასევე ვიყენებთ იმ ფორმატს, რომელიც არის ერთადერთი ფორმატი, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ და გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რომლებიც თავის დროზე და დღესაც განაგრძობენ ამ ოკუპაციას. ჩვენ მათ უნდა დავუპირისპიროთ ყველა საერთაშორისო მექანიზმი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ის რუსეთთან დიალოგის წარმოებისთვის ახალი ფორმატის შექმნას გამორიცხავს.
„რაიმე ახალი ფორმატის შექმნაზე საუბარი ზედმეტია, როდესაც მათი მხრიდან ჩვენ ასეთ ქმედებებს ვაწყდებით ყოველდღიურად,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.