ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის მაღალჩინოსანს, ოთარ აბესაძეს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.
ამჟამად ის ე.წ. მოდულის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, დაკავებულს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს და არაფერზე საუბრობს. შესაბამისად კითხვაზე პასუხი, აღიარებს თუ არა ოთარ აბესაძე დანაშაულს, ირმა ჭკადუას არ აქვს. მერიის მაღალჩინოსნის უდანაშაულობაში მისი ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან.
ოთარ აბესაძე გუშინ გვიან ღამით დააკავეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება, რომლის თანახმად, აბესაძე 2017 წლის მაისში ბიზნესმენს მდინარე მტკვარზე "კაფე ტივის" მოსაწყობად, ნებართვის გაცემას 3000 დოლარის სანაცვლოდ დაპირდა. სამართალდამცავი უწყების ერთ-ერთი მტკიცებულება, სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერი იქნება.
დაკავების შემდეგ, მერიაში აცხადებენ, რომ ოთარ აბესაძე უწყების უშტატო თანამშრომელი იყო. ოპოზიცია კი მერიას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და იმ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომელთა მიხედვით, დაკავებული მაღალჩინოსანი, შტატში იყო. ამასთან ერთად, ოთარ აბესაძე „ქართული ოცნების“ აქტიური წევრია, ის პირველად საზოგადოებას „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერის რანგში წარუდგონა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისის მერის, დავით ნარმანიას გარემოცვის წევრი და მმართველი პარტიის გავლენიანი ფიგურაა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში კორუფციისა და ქრთამის აღების ფაქტები ხშირია. მათი აზრით, ოთარ აბესაძის გარდა, დედაქალაქის მთავრობაში სხვა პირებსაც დააკავებენ.