გურსპიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ არის დარეჩენილი. მიწის ნაკვეთზე, რომელიც ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიძინა, ოჯახს უცნობი ადამიანების საფლავები დახვდა.
ოჯახმა, რამდენიმე წლის წინ შეძენილ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის პროექტიც შეადგინა და არქიტექტურის სამსახურშიც დაამტკიცა, თუმცა სახლის აშენება ვეღარ მოასწრო. ნაკვეთში მისულებს ტერიტორიაზე უცნობი ადამიანების საფლავები დახვდათ.
გურასპიშვილებმა პოლიციასაც მიმართეს და თბილისის მერიასაც, უკანონო საფლავების რაოდენობა მათ ნაკვეთში კი ამ დროისთვის 40-მდე გაიზარდა და დღესდღეობით იქ ნამდვილი სასაფლაოა. ნინო გურასპიშვილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, მიწა დევნილებმა თვითნებურად მიისაკუთრეს.
საფლავების მეპატრონეები სატელეფონო საუბრისას ამბობენ, რომ ადგილში ფული გადაიხადეს და ტერიტორიაზე უკანონოდ არ შეჭრილან. ვისგან აიღეს ნებართვა დაკრძალვისთვის, ისინი არ აკონკრეტებენ. ამის გარკვევას მიწის მფლობელები პოლიციასა და მერიას სთხოვენ. ნარმანიას უწყებაში კი, რომელსაც ოჯახი დახმარებას სთხოვს, კომენტარს ამ საკითხზე საერთოდ არ აკეთებენ. ერთადერთი, ვინც მიმართვის შემთხვევაში საქმეში ჩართვის პირობა დადო, სახალხო დამცველია.