18 ნოემბერი 2024,   19:00
ვრცლად
ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ისინი დღეს მატროსოვის ციხეში ადვოკატებმა მოინახულეს. კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები უკვე მეათე დღეა შიმშილობენ და პროკურატურას მათი საქმით დაინტერესებას სთხოვენ.

მსჯავრდებულების ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირთ.

„ისე არიან დასუსტებულები, რომ გადაადგილებაც კი უჭირთ. რაც შეეხება გამოხმაურებას, პატივისცემა მინდა გამოვხატო სახალხო დამცველის სამსახურისადმი, ასევე, პრეზიდენტის მხრიდანაც იყო გამოხმაურება, ხოლო, რაც შეეხება ყველაზე მთავარ მხარეს, რომელმაც ამ კუთხით რეაგირება უნდა მოახდინოს, ეს არის პროკურატურა, ვინაიდან მათი მოთხოვნები უკავშირდება უშუალოდ გამოძიების დაწყებას სპეცრაზმელების ერთად ჯდომაზე და ცრუმოწმეებზე, აქედან არანაირი გამოხმაურება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე-10 დღეა შიმშილობენ, დღემდე პასუხიც არ აღირსეს, იწყება თუ არა საერთოდ გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია აცხადებს, რომ ექიმების ცნობით, მდგომარეობა მძიმეა და მსჯავრდებულებს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, რაზეც თავად მოშიმშილეები უარს აცხადებენ.

ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე პროკურატურის მხრიდან მათი მოთხოვნის შესრულებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები