18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
"არ შევეგუებით ქართული საზღვრები გააკონტროლონ რუსმა სამხედროებმა" - აქცია საოკუპაციო ხაზთან  

არა ოკუპაციას! - აქციის მონაწილეთა კოლონა ბერშუეთისკენ უკვე დაიძრა, თუმცა ვარდების მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა შეკრება  დილიდან დაიწყეს, ამ დრომდე რჩებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი გამოთქვეს მშვიდობიან პროტესტში მიიღონ მონაწილეობა. ისინიც დღეს სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილ აქციაზე ჩავლენ.

ორგანიზატორების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი და შესრულდება საქართველოს ჰიმნი.

„ჩვენ არ მივდივართ ერთი კონკრეტული ბანერის გასაპროტესტებლად. ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთის აგრესიას და იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ტემპს იძენს და საშიში ხდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის,“ - განაცხადა ლაშა ბერულავამ.

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან საქართველოს საზღვრების რუსი ჯარისკაცების მიერ გაკონტროლებას, უმრავლესობაში არიან.

„ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ქართული საზღვრები გააკონტროლონ რუსმა სამხედროებმა და ქართული საზღვარი მოვიდეს ლამის უკვე ავტობანამდე. რუსეთში უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გაუწევენ წინააღმდეგობას საოკუპაციო პოლიტიკას. ის ადამიანების, რომლებიც ითხოვენ ოკუპაციის კანონის გაუქმებას, რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ამ ქვეყანაში არიან უმცირესობაში,“ - აცხადებს ელისო კილაძე.

საოკუპაციო ხაზთან, მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაააქტიუროს.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ მტერთან კოლაბორაცია, მტერთან თანამშრომლობა არის ღია ღალატი ქვეყნის. მივდივართ ამის გასაპროტესტებლად. რუსეთი არ არის საფრთხე მარტო საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ის საფრთხე გახდა ევროპისთვისაც, ამერიკისთვისაც და თავისუფალი სამყარო ამ ბრძოლაში დაამარცხებს დიქტატურას, რომლიც გუდავს ყველა თავისუფალ ქვეყანას გარშემო,“ - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა.

დღის ამბები