საქალაქო სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შორენა თეთრუაშვილი ჩვენებას თითქმის 5 საათის განმავლობაში აძლევდა.
შორენა თეთრუაშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გველის შხამის მიტანა არასდროს უთხოვია. მან ასევე აღნიშნა, რომ კალიუმის ციანიდის შოვნა დეკანოზისთვის არ დაუვალებია. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა დეკანოზს დაავალა კალიუმის ციანიდი, რომელიც მათი თქმით, შორენა თეთრუაშვილს ოქრომჭედლისთვის სჭირდებოდა.
თეთრუაშვილი სასამართლო დახურულ პროცესზე ისე შევიდა და გამოვიდა, რომ მედიასთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. შორენა თეთრუაშვილი უსაფრთხოების მიზნით მანქანამდე სასამართლოს შენობიდან ბადრაგმა მიაცილა.
პროკურორის განცხადებით, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ გიორგი მამალაძე გამოძიებას და სასამართლოს ატყუებს.
„სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებული შორენა თეთრუაშვილი, რომლის ჩვენებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ატყუებდა როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს. კერძოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას არასდროს არ მოუთხოვია გიორგი მამალაძისთვის გველის შხამი და მითუმეტეს, არასდროს 500 დოლარი გველის შხამის შესაძენად არ მიუცია მისთვის. მეორე, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას არასდროს გიორგი მამალაძისთვის არ მოუთხოვია არც კალიუმის ციანიდი და არც ნატრიუმის ციანიდი, არ სჭირდებოდა ეს ნივთიერება არც ოქრომჭედლისთვის და მითუმეტეს, არც თავის მოსაკლავად,“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
ადვოკატი, გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილმა დეკანოზის ბრალეულობა ვერ დაადასტურა. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, თეთრუაშვილმა დეკანოზის მხრიდან ანგარების მოტივი ვერ დაასახელა.
"დავუსვით შემდეგი შეკითხვა, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, ამზადებდა თუ არა გიორგი მამალაძე თქვენს მკვლელობას? მან თქვა, რომ არ ვიცი, სიტყვა სიტყვით ვამბობ, "არ ვიცი," - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.