18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" ე.წ. ქართველთა მარშის დაანონსებულ მსვლელობას ეხმაურება და ხელისუფლებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. "ქართველთა მარშის" სახელით დაანონსებულ მსვლელობას ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, რათა ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობა თავიდან აიცილონ.

„რუსთავი 2“ სამოქალაქო პლატფორმის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სამოქალაქო პლატფორმა „არაფობიას“ წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2017 წლის 14 ივლისს დაანონსებულ ე.წ. „ქართველთა მარშს“, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2017 წლის 29 ივნისს დიასპორის საკითხებში სახელწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სანდრო ბრეგაძემ, სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე გავრცელა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

სანდრო ბრეგაძე, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით უმციერესობების ჯგუფების მიმართ და მის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო, არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, ამჯერად საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობის გაღვივებას საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მაგალითით ცდილობს. მის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე ვხვდებით ფსევდო-ეროვნულ სენტიმენტებს და მოსახლეობისადმი მოწოდებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ირანელი, არაბი, აფრიკელი და ა.შ. ადამიანების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნით დაგეგმილ ე.წ. „ქართველთა მარშში“. აღსანიშნავია, რომ მარშს სხვა რადიკალური ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდნენ.

მცდელობა, ქვეყანაში არსებული მძლავრი რასისტული განწყობის ფონზე, რაც სამწუხაროდ ხელისუფლების მიერაც გარკვეულწილად წახალისებულია, საქართველოში მცხოვრები უცხოელებისაგან შეიქმნას მტრის ხატი, ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული, პლურალური, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას და იმ ღირებულებათა წესრიგს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული საერთაშორისო აქტებით. საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა და ქსენოფობიურ და რასისტულ დისკურსს შეუძლია არსებითად დააზიანოს არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესი და სოციალური კონფლიქტები წარმოშვას.

რა თქმა უნდა, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა გარანტირებულია მათ შორის ე.წ. „ქართული მარშის“ მონაწილეებისთვისაც. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას კიდევ ერთხელ მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ იმავე ადგილას და მსგავსი შინაარსით 2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ მსვლელობას თან ახლდა არაერთი ძალადობისა და სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მსგავსად წინა შემთხვევისა, ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე, მოვუწოდებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს

მიიღოს სათანადო ზომები მსვლელობისას სამართალდარღვევათა პრევენციისა და მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენის მიზნით, რათა თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

მსვლელობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოს ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღება ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფრაგმენტული ინციდენტების აღკვეთის მიზნით.

მთავრობას

ბოლო დროს რადიკალიზებული ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური იდეების საწინააღმდეგოდ უზრუნველყოს ეფექტიანი საგანმანათლებლო/ინფორმაციული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეებზე დაფუძნებულ დისკურსს გააძლიერებს და სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებს შექმნის,“ - აღნიშნულია სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადებას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ ხელს: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „თანასწორობის მოძრაობა“, „მედიის განვითარების ფონდი (MDF)“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)“, „იდენტობა“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი (ISFED)“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)“.

დღის ამბები