საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეიდან საინფორმაციოს გარდა, ყველა სხვა გადაცემა ჩერდება. რამდენი ხანი გაგრძელდება მსგავსი ვითარება და შეძლებს თუ არა ახალი პროგრამები ეთერში გასვლას ახალი სეზონიდან ან კონკრეტულად როდის გაიხსნება სეზონი, ჯერჯერობით უცნობია.
საკითხებზე დღეს სამეურვეო საბჭოს სამუშაო სხდომაზე იმსჯელებენ.
ამ დროისთვის ბორდს კონკურსის წესით უკვე შერჩეული აქვს 9 გადაცემა. ყველა მათგანი სოციალურ და კულტურულ თემატიკას ეხება, არცერთია პოლიტიკური. შერჩევის პროცესში გაჩენილ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ ბორდის კრიტიკულად განწყობილი წევრები.
„კითხვის ნიშნები არსებობს, მე ამიტომაც ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც ამ კითხვების ნაწილზე მივიღო პასუხი. რომელი გადაცემები იქნება წარმოდგენილი, როგორ შეასრულებს პროგრამების არსებობის ვალდებულებას საზოგადოებრივი მაუწყებელი და კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უახლოეს ეთერში არ არის გათვალისწინებული სავარაუდოდ, რომ ჩვენ ვიხილოთ გადაცემა, რომელიც დაკავშირებული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ტიპის გადაცემის არსებობა, პირდაპირ არის განსაზღვრული საქართველოს კანონით,“ - აცხადებს სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე.
რეორგანიზაციის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს ტელეკომპანიის თანამშრომელთა ნაწილიც, რომელმაც შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
„ჩემს შემთხვევაში საუბარია ორ გადაცემაზე, რომელიც დაიხურა, ჯერ აქ არის კითხვები დასასმელი, რატომ დაიხურა ორი გადაცემა ერთდროულად. დავარქმევდი ალბათ თავხედურ შემოთავაზებასაც და ალბათ ძალიან არაადამიანურსაც იმიტომ, რომ როდესაც კონკრეტულ საქმეს აკეთებ და მაგიდაზე დებენ შემოთავაზებას, იქ მინიმუმ უნდა გთავაზობდნენ იმას, რასაც უკანასკნელი თუნდაც ორი წლის მანძილზე აკეთებდი,“ - განაცხადა "მე-2 არხის" თანამშრომელმა ნიკა კაციამ.