18 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ტრანსპორტირების კომპანიისთვის გაზის ტარიფის შესაძლო ზრდა - საკითხზე "სემეკი" მსჯელობს

ტრანსპორტირების კომპანიისათვის გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე ამ წუთებში "სემეკის" სხდომაზე მსჯელობენ. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები ამბობენ, რომ ტარიფი 2000 წლიდან არ გადახედილა, თუმცა კომისიის წევრი გოჩა შონია წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებს.

შონია ამბობს, რომ საკითხზე მსჯელობა აუცილებელია, რადგან წლების განმავლობაში შეიცვალა პირობები და ასევე შეიცვალა ტარიფის სტრუქტურაც.

„ტრანსპორტირების კომპანიას რაც შეეხება, მისი ტარიფი არ გადათვლილა გაცილებით უფრო დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 2000 წლიდან. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, მინდა გითხრათ, რომ ასევე არ გადახედილა ამ გამანაწილებელი კომპანიებისთვის ტარიფები დაახლოებით ათი წელია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ტარიფების სტრუქტურა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში, რადგან შეიცვალა ზოგადად პირობები,“ - აცხადებს გოჩა შონია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ხვალ იმსჯელებს. საუბარია, როგორც თბილისის ასევე, რეგიონებისთვის მიმწოდებელ კომპანიებზე.

გოჩა შონია განმარტავს, რომ მიწოდების ტარიფი მთლიანად დამოკიდებულია გაზის ღირებულებაზე, რომელსაც თავის მხრივ ვალუტის კურსი განსაზღვრავს.

„სამომხმარებლო ტარიფში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ეს არის მიწოდების ტარიფი, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია ბუნებრივი გაზის ღირებულებაზე, ხოლო ბუნებრივი გაზის ღირებულება თავისთავად დამოკიდებულია ვალუტის კურსზე, რადგან ჩვენ გაზს ვყიდულობთ დოლარში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი,“ - განაცხადა გოჩა შონიამ.

გაზის ტარიფის მატებას დაუშვებლად მიიჩნევს „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლეილა გაფრინდაშვილი.

„გაზის ტარიფი ახლაც ძალიან მაღალია. საერთოდ ავიწყდებათ, რომ ჩვენ გვაქვს ბაქო-ჯეიჰანიდან უფასო გაზი. გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობა საკმაოდ შეღავათიან ფასებში. ამას გარდა, კალაძემ მოღალატეობრივი საქციელი ჩაიდინა და რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება ფულადი ანაზღაურების შესახებ, რომელიც არის სახელმწიფოებრივი დანაშაული და ამაზე უნდა აგოს კალაძემ პასუხი,“ - განაცხადა ლეილა გაფრინდაშვილმა.

 

დღის ამბები