ტრანსპორტირების კომპანიისთვის გაზის ტარიფი გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომპანიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, ტრანსპორტირების საფასური 1 კუბურ მეტრზე 1.884 ლარი გახდა.
თუ ტრანსპორტირების კომპანია აქამდე არსებული რეგულაციით 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე საშუალოდ 9-დან 13 ლარამდე იხდიდა, 20 ივლისიდან ის უკვე 18 ლარს გადაიხდის.
"სემეკის" გადაწყვეტილება ძალაში 20 ივლისს შევა და 2018 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.
კერძოდ, სხვაობამ თბოელექტროსადგურებისთვის 0.984, შპს "სოკარ ჯორჯია გაზისა" და სს ყოფილი "ყაზბეგი გაზის" მომხმარებლებისთვის - 0984, ყოფილი სს "დუშეთი გაზის" მომხმარებლებისთვის 0.717, დანარჩენი მომხმარებლებისთვის კი, 0.501 ლარი შეადგინა.
ტარიფის ცვლილების საშუალო მაჩვენებელი კუბურ მეტრზე დაახლოებით ნახევარი თეთრია. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი დღგ-ს გარეშეა მოცემული.
ენერგეტიკოსების მსგავსად, ტრანსპორტირების ტარიფის ზრდის გათვალისწინებით, სამომხმარებლო ტარიფის ზრდას არ გამორიცხავენ არც ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. თუმცა, კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ წინასწარ დეტალებზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ტარიფები სამი კომპონენტის განხილვის შედეგად დგინდება.
„სამომხმარებლო ტარიფი შედგება სამი კომპონენტისგან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მცირე კომპონენტი, ბუნებრივია მას ექნება გავლენა, მაგრამ როგორი იქნება საბოლოო შედეგი ჩვენ ამას დავინახავთ დანარჩენი ორი კომპონენტის განხილვის შედეგად. ვინაიდან, შესაძლებელია ერთ კომპონენტი იზრდებოდეს, მაგრამ მცირდებოდეს მეორე კომპონენტიდა რადგან სამ კომპონენტზეა საუბარი, შეუძლებელია დღეს იმის პროგნოზირება რა მოხდება ხვალ თუ არ დავინახავთ სამივე კომპონენტის საბოლოო შედეგს,“ - აცხადებს ირინა მილორავა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე უკვე ხვალ იმსჯელებს.