18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
„ქართულ სპორტში არის შექმნილი საშინელი მაფია," - მკლავჭიდის ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება

დაპირისპირება მკლავჭიდის ფედერაციაში გრძელდება. საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ვახტანგ მუსელიანის და მკლავჭიდელთა განცხადებით, თუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, ისინი ორშაბათს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

ვახტანგ მუსელიანი და ნაკრების წევრები სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ. ასევე, მათი მთავარი მოთხოვნაა, შეუჩერდეს უფლებამოსილება ალტერნატიულ ფედერაციას და აღუდგეს უფლებამოსილება ძველ ისტორიულ ფედერაციას.  

გარდა ამისა, სპორტსმენებს შესაბამისი სამუშაო პირობები მიეცეთ.

„ქართულ სპორტში არის შექმნილი უბინძურესი, საშინელი მაფია. ქართული სპორტი იღუპება,“ - განაცხადა ვახტანგ მუსელიანმა.

საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრები ახალ ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს უარყოფითად აფასებს.

თავად მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი „რუსთავი 2“-თან სატელეფონო კომენტარში აცხადებს, რომ ის მზად არის სასამართლოშიც დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

„თუ რამე პრეტენზიები მას გააჩნია, ამისთვის არსებობს პროკურატურა, არსებობს სასამართლო და უნდა მიმართოს იმას. თანხების ფლანგვასთან თუ არის საქმე, ამისთვის უნდა მიმართონ სამინისტროს, საიდანაც მოდის ეს თანხები,“ - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიციას, ისინი უარყოფენ მკლავჭიდელების ბრალდებას, თითქოს ისინი სოსო ჯაჭვლიანის კანდიდატურას ლობირებენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ სამინისტრომ საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციიდან მიიღო წერილი, სადაც, შექმნილ ვითარებაში ალტერნატიული მკლავჭიდის ფედერაციის შექმნის აუცილებლობაზეა საუბარი.

დღის ამბები