საგარეჯოს რაიონის სოფელი მანავის მოსახლეობა წელს მოსავალს ვერ აიღებს. ადგილობრივები მესამე წელია სარწყავი წყლის გარეშე არიან დარჩენილი. სოფელში გამხმარია ვაზი და ბოსტნეული.
წლების წინ, მელიორაციის სამსახურმა მოსახლეობის მიერ საკუთარი ძალებით შეკეთებული წყლის საქაჩი სისტემა უსაფრთხოების მოტივით დაშალა, თუმცა ამ დრომდე ადგილობრივებისთვის უკეთესი გამოსავალი არავის შეუთავაზებია. ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის, მოსახლეობა კი საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა სარწყავი წყლის მიწოდებისთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან არაფერი გაკეთებულა.
ადგილობრივების პროტესტს შეუერთდნენ ოპოზიციის წევრებიც. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი ადგილობრივი მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
მოსალოდნელია, რომ სოფელი მანავი ისევ სარწყავი წყლის გარეშე დარჩება და პრობლემა წელსაც ვერ მოგვარდება.
ავტორი: ია გულიაშვილი.