„ჩექინ ჯორინია“ და „საია“-ს მონიტორინგის შედეგები - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დარღვევები აღმოაჩინა. საუბარია გასულ წელს სამ კონცერტზე გაყიდულ ბილეთებზე.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად მათ ერთი წელი დასჭირდათ. საჯარო ინფორმაცია „საია“-მ სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბილეთები, რომელიც ონლაინ გაიყიდა, შეიძინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან მხოლოდ 5,23%-მა, ხოლო საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით, ამ სამ ღონისძიებას მხოლოდ 0,5% ესწრებოდა.
"საიას" თავმჯდომარის თქმით, კვლევის შედეგად მიღებული ეს ციფრები განსხვავდება იმ ციფრებისგან, რომელზეც კულტურის მინისტრი საუბრობდა.
„ციფრები და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალიან მცირეა ბილეთების ის რაოდენობა, რომელიც რეალურად უცხოელმა ტურისტებმა შეიძინეს და იმ პერიოდში, 2016 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ტურისტების საერთო რაოდენობის ძალიან მცირე პროცენტია, რომელიც ამ ღონისძიებაზე დასასწრებად შემოვიდნენ საქართველოში. აქედან გამომდინარე, ნათელი და ცხადია, რომ რეალურად ეს პროექტი თავიდან გაცხადებულ მიზანსაც ვერ მოემსახურა, რაც ტურისტების მოზიდვაში და მათი რაოდენობის ზრდაში უნდა გამოხატულიყო,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კულტურის სამინისტროსთვის ამ პროექტების მიზანი, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდა იყო, რაც ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება.
„მართალია მინისტრი ამბობდა, რომ ეს გაიყიდა 55 ქვეყანაში, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ მოგვაწოდეს, არ არის 55 ქვეყანა, ეს არის 49 ქვეყანა. ყველაზე მეტი გაიყიდა აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში, მაღალი მაჩვენებელია და შემდგომ გამოჩნდება, რომ ამ ქვეყნებიდან ისედაც მაღალი იყო ტურისტების ნაკადი საქართველოში და ამის არსებითი გავლენა არ მოუხდენია საქართველოში ახალი ტურისტული ნაკადის შემოყვანაზე. თუ შევხედავთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 10 ბილეთზე ნაკლები გაიყიდა, ეს არის 22 ქვეყანა ანუ თითქმის ნახევარი, საიდანაც საქართველოში „ჩექინ ჯორჯიას“ სანახავად, 10 ბილეთიც კი არ იყო გაყიდული,“ - აცხადებს „საია“-ს იურისტი სულხან სალაძე.
"საია"-ს კვლევა, Maroon 5-ის, Eros Ramazzotti-ის დ Robin Williams-ის კონცერტებს ეხება, რომელიც 2016 წელს ჩატარდა.