18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

ზურაბ ჩახტაური ყვარლის რაიონის საძოვრებიდან ორი დღის წინ გაუჩინარდა. ის საკუთარ ოჯახს გუშინ ტელეფონით რუსული ნომრიდან დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ის დაღესტანის საზღვართან დააკავეს. ჩახტაურმა ოჯახს ის ელექტრონულ მისამართიც უთხრა, სადაც მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გაეგზავნათ. მესამე დღეა ოჯახმა ზურაბის ადგილსამყოფელის შესახებ, რომელიც მთაში მწყემსად მუშაობდა აღარაფერი იცის.

ზურაბ ჩახტაურის გატაცების შემდეგ სოფელ შილდას მცხოვრებლები ახალ საფრთხეებზე საუბრობენ. კახეთში თვლიან, რომ საზღვრიდან გატაცების მხოლოდ მწყემსებს არ უნდა ეშინოდეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მწყემსს შილდაში სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოდ სპეციალური საშვი ჰქონდა და ის ტერიტორიაზე ყველა წესების დაცვით იმყოფებოდა. რა ვითარებაში მოხდა ჩახტაურის გაუჩინარება, ამის დასადგენად კახეთის პოლიციაში წინასაგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. მწყემსის გატაცებას მორიგ პროვოკატიულ ქმედებად აფასებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსული სატელეფონო ნომერი, რომლითაც ჩახტაური ოჯახს დაუკავშირდა, ამ დროისთვის მიუწვდომელია. ოჯახი იმედი აქვს, რომ ზურაბ ჩახტაური სახლში უვნებლად დაბრუნდება.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები