18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
2 ათას 766 კვადრატული მეტრი ერთ ლარად - ტერიტორია საპატრიარქოს საკრებულომ გადასცა

თემქაზე, ცენტრალურ გზასთან ახლოს, 2 ათას 766 კვ.მ. ფართობის ტერიტორია საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა. ჯამში, 5 ათას კვადრატულზე მეტი ტერიტორია თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს რამდენიმე დღის წინ, ყოველგვარი განმარტებისა და მიზნობრიობის დასაბუთების გარეშე გადასცა.

საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, რომელმაც არაერთხელ მოაწერა ხელი საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემას, არგუმენტად თბილისელების მოთხოვნას ასახელებს. მიუხედავად ამისა, საკრებულოში ამ დრომდე არცერთი მოქალაქის განცხადება არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, ალიბეგაშვილის არგუმენტი დასაბუთებული იქნებოდა.

თბილისის მერი კი აცხადებს, რომ საპატრიარქოს მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები გადაეცემა, რომლებიც ეკლესიების მიმდებარედ არის.

განხილვისა და არგუმენტების გარეშე, საჯარო ქონების საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას "მახინჯ პრაქტიკას" უწოდებს ოპოზიცია. 

საპატრიარქოში, რომელიც მხოლოდ ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიის მფლობელი გახდა, ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები მოსახლეობის ინიციატივის საფუძველზე მიიღება.

საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემა თბილისის გარდა რეგიონებშიც ხდება. ჯამში, ქართული ეკლესია, დაახლოებით, 17 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელია.

დღის ამბები