თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში დაყაჩაღებული ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
6 თვის წინ ნიღბიანმა თავდამსხმელებმა შეყრილაძეების ოჯახის 3 წევრი, მათ შორის, მოხუცი ქალბატონი სასტიკად აწამეს და სცემეს. ყაჩაღები ძვირფასეულობისა და ფულის მოთხოვნით მერაბ შეყრილაძეს ერთი საათის განმავლობაში აწამებდნენ.
ყაჩაღობას შეესწრო მერაბ შეყრილაძის და, რომელიც თავდამსხმელებმა ასევე სასტიკად სცემეს და სახლიდან სწორედ მისი ძვირფასეულობა გაიტაცეს. თავდამსხმელები ადგილიდან მას შემდეგ მიიმალნენ, რაც დაზარალებულმა გაქცევა მოახერხა.
შეყრილაძეები ამბობენ, რომ თავდამსხმელთა ვინაობა მათთვისაც და გამოძიებისთვისაც ცნობილია, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ ერთ-ერთი პირის მამაა დაკავებული.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დასრულებულია და არაერთი ნივთმტკიცებაა ამოღებული, თავდამსხმელები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. დაზარალებული ოჯახი მიიჩნევს, რომ გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება და პროცესს ერთ-ერთი თავდამსხმელის ნათესავი აფერხებს.
საქმეს თერჯოლის პოლიცია იძიებს. სამართლდამცავ უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. შეყრილაძეების ოჯახი ყაჩაღობაში მონაწილე პირების დაკავებას უკვე 6 თვეა, ითხოვს.
ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი