"პროკურატურის თანამშრომლების გაკეთებულ განცხადებას ამორალურ საქციელს დავარქმევდი," - ეს განცხადება მეუფე პეტრე ცაავამ კურიერის პირდაპირ ეთერში პროკურატურის მისამართით გააკეთა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენების შესახებ ისაუბრა. ის არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.
"ეს არის ერთი ბანდა საპატრიარქოში ამ ქალის ხელმძღვანელობით, პლუს პროკურატურა, რომელიც შარში გაეხვა ე.წ. ციანიდის საქმით და ამ სამარცხვინო სცენარით," - აღნიშნა მან პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით.
მეუფე პეტრე ცაავას აზრით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომა უსამართლოდ დაიხურა.
„უსირცხვილოდ, უსინდისოდ დახურეს სასამართლო პროცესი. ინტრიგებით, ცილისწამებით აწარმოებენ დაკითხვას,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ პროკურატურის მისამართით.
მეუფე პეტრე ცაავამ ხელისუფლების მისამართითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ. მან ბარბარე რაფალიანცის საქმეც გაიხსენა.
"შეკითხვები არსებობს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მოსვლის წლიდან გვპირდებოდა ადამიანის უფლების დაცვას, უსამართლოდ დაკავებების დასასრულს და 5 თვის ჩვილის სიკვდილიდან მოყოლებული დღემდე რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.