18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
გამოუძიებელი მკვლელობები და 30 წლით პატიმრობამისჯილი უდანაშაულო ადამიანი

2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის გასამართლებული თამაზ გოგია 8-წლიანი პატიმრობის შემდეგ, უდანაშაულოდ ცნეს. ის ციხიდან 5 დღის წინ გამოუშვეს. თამაზ გოგიას განცხადებით, მისთვის ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ მისი მეგობრის, გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის, პროფესორ ეთერ ნინუას მკვლელობა ბრალად აღარ ედება.

ვინ მოკლა სინამდვილეში ცოლ-ქმარი, დღეს უცნობია. არსებობს რამდენიმე ვერსია. მკვლელობის დღეს თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაკითხეს, ის როგორც ყოფილი მინისტრი და გამოცდილი კადრი ფლობდა მნიშვნელოვან და საიდუმლო ინფორმაციას.

გათავისუფლებული თამაზ გოგიას შვილი, ლაშა გოგია კი ტელე-რადიო კომპანია “საქართველოს ხმის” დამფუძნებელთან ბიძინა კუჭავასა და მოკლულის თანამშრომლობაზე საუბრობს.

ნინუების გარდა გაუხსნელია გოჩა მაღალთაძის მკვლელობის საქმეც, რომელიც 2007 წლის მაისში ვაკეში, საკუთარ ოფისში მოკლეს. მაღალთაძე და ბიძინა კუჭავა დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ხშირად დადიოდნენ კაზინოში, გოჩა მაღალთაძის მეგობარი ამტკიცებს, რომ კუჭავას მაღალთაძის ვალი ჰქონდა.

ბიძინა კუჭავას მიერ ჩადენილ მკვლელობებზე 2016 წლის შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მისი ნათესავი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იპოვეს ბინაში, რომელიც კუაჭავას მიერ იყო დაქირავებული. რამდენიმე საათში იუსტიციის სახლთან პოლიციელებმა თეთრი ფერის მერსედესი გააჩერეს რომელშიც ბიძინა კუჭავა იჯდა, ის ქვეყნის დატოვებას გეგმავდა და მეგობარს აეროპორტში მიჰყავდა, პოლიციელების დანახვისთანავე ბიძინა კუჭავამ ერთი გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კუჭავა შესაძლოა წარსულში მომხდარი მკვლელობების მონაწილეა კატეგორიულად მიუღებელია მისი ქვრივისთვის, მარიამ კუჭავასთვის. ის აცხადებს, რომ მტკიცებულებების გარეშე დანაშაული გარდაცვლილს არ უნდა აჰკიდონ.

ავტორი: თეა ადეიშვილი.

დღის ამბები