"ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე სკოლასთან დაიწყო და მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა.
აქციაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები სრული შემადგენლობით მონაწილეობდნენ. აქცია რამდენიმე კვირის წინ გამართული ე.წ. ქართველთა მარშისა და შემდგომი მოვლენების შედეგად დაიგეგმა და მიზნად ძალადობისა და ქსენოფობიისგან გამიჯვნას ისახავდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, მარში რუსული პროექტია და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას ემსახურება.
„ჩვენი პასუხი არის ერთi, ჩვენ ვიდგებით ერთად, ჩვენ ვართ ბევრნი, ჩვენ ვართ მთელი ქართული საზოგადოება, იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი არ არის რუსეთი. საქართველოს მომავალი არ არის დაპირისპირება და ქვის სროლა, საქართველოს მომავალი არის ჩვენი ნამდვილი ქართული ღირებულებებით ევროპაში შესვლა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
აქციის დასრულების შემდეგ ე.წ. ქართველთა მარშისა და რუსული ფაშიზმის მოწინააღმდეგეთა შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, რაც სამართალდამცველების ჩარევის შედეგად მალევე განიმუხტა.
„ოთხი წელია ჩვენ ვხედავთ ჩვეულებრივ ფაშიზმს დაუსჯელს და სწორედ ამიტომ, დაუსჯელობის გამო გაბედეს ის, რაც გაბედეს, როდესაც ღლიცინებდნენ 25 წლის გოგოს მისამართით. სანამ ესენი იქნებიან დაუსჯელები, მანამდე პასუხისმგებლობა იქნება საქართველოს მთავრობაზე. საქართველო არ იქნება კარჩაკეტილი ქვეყანა, საქართველო არის ღია, სტუმართმოყვარე ქვეყანა,“ - აცხადებს გიგი უგულავა.