"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ლილე ლიპარტელიანთან ერთად, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობა სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, თბილისი-რუსთავის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის დროს მოსალოდნელ საფრთხეს აპროტესტებდა და პრობლემის კანონიერი გზით მოგვარებას ითხოვდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე რამდენიმე ამორტიზებული კორპუსის მოსახლეობა დგას. მათი განმარტებით, სამუშაოების დაწყების შემთხვევაში, შენობები შესაძლოა ჩამოინგრეს.
„ეს მაგისტრალი გაივლის 7 მეტრის დაშორებით ამ კორპუსიდან. ყველა შენობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, მითუმეტეს თუ ის ავარიულია. არა და ეს კორპუსები, ყველა ავარიულია პრაქტიკულად და ჩემი თვალით ვნახე, როგორ ცვივა დიდი ზომის ბეტონის ფილები კორპუსში და ჯერ აქ მშენებლობაც არ არის დაწყებული. მე წარმომიდგენია რა მოხდება აქ, როდესაც მშენებლობა მთელი ძალით დაიწყება. ეს ხალხი სრულიად მართებულად ითხოვს იმას, რომ მათ სიცოცხლეს არ დაემუქროს საფრთხე,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.