დიდ დიღომში მშენებარე კორპუსში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილას შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა მუშაობა დაასრულეს. უკვე არსებობს პირველადი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული.
ინსპექტორები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
„პირველადი დათვალიერებით დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები. არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. რაც შეეხება საბოლოო მოკვლევას, დასკვნას შევადგენთ და იქნება გადაცემული ორგანიზაციაზე. პასუხისმგებლობის საკითხს ჩვენ არ განვსაზღვრავთ, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ,“ - განაცხადეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა.
შრომის ინსპექციის დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემათ. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დადგება თუ არა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი.
სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს შემთხვევის ადგილი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, თუმცა მათ ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის ახლობლებიც. მათი თქმით, მომხდარის შესახებ ოჯახი უკვე ინფორმირებულია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პროფკავშირების წარმომადგენელიც, რომელიც ამბობს, რომ გახშირებული უბედური შემთხვევები დაუხვეწავი კანონმდებლობის ბრალია, რადგან მისი თქმით, მაკონტროლებელ ორგანოს არ აქვს უფლება მშენებლობის ადგილზე გაფრთხილების გარეშე შევიდეს.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს მშენებლობებზე 9 ადამიანი გარდაიცვალა. 2006 წლიდან კი მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების არ არსებობის გამო, 271 ადამიანი დაიღუპა.