ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის, დაკითხვა დასრულდა. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი საქართველოში არ იმყოფება, აქედან გამომდინარე, მისი დაკითხვა Skype-ის მეშვეობით მიმდინარეობდა.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი, სძულს და მისი მოშორება სურდათ.
„მიუხედავად იმისა, რომ სოსო ოხანაშვილი არის ბრალდებულის უახლოესი მეგობარი, მისი თანამოაზრე, მანაც კი ვერ დამალა ის სიძულვილი და მტრული განწყობა შორენა თეთრუაშვილის მიმართ. იმართებოდა შეხვედრები, სადაც კონსპირაციულად სოსო ოხანაშვილი ბრალდებული გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორების საკითხს საპატრიარქოდან. ვერ შეძლეს მისი თანამდებობიდან ჩამოშორება, საპატრიარქოდან გაძევება, მიუხედავად ყველა მცდელობისა, როდესაც ყველა გზა სინჯეს, ამის შემდეგ ბრალდებულმა გადაწყვიტა მისი მკვლელობა,“ - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
ამ ინფორმაცია ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები არ ადასტურებენ. მათი თქმით, დაკითხვის დროს სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილი ზოგადად საპატრიარქოში სძულთ.
დაცვის მხარემ ასევე განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის თქმით, მდივან რეფერენტის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება ილია მეორემ სამჯერ მიიღო, თუმცა, მეუფეებმა მისი გადარწმუნება შეძლეს.
რაც შეეხება კონკრეტულად ე.წ. ციანიდის საქმეს, ადვოკატების განცხადებით, სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ პატრიარქს მამა გიორგი მამალაძის თავმდებში ჩადგომა სურდა, რათა დეკანოზი ციხიდან გამოეშვათ, მაგრამ ამ საკითხში პატრიარქი მეუფე იაკობმა გადაარწმუნა.
„დაადასტურა, რომ შორენას ახასიათებდა და ახასიათებს დღესაც თხოვნები, თხოვნები ნებისმიერ პირთან, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი საშუალებით. გაიხსენა ასევე, როგორ სთხოვა შორენა თეთრუაშვილმა მას გველის შხამი. ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქს სურვილი ჰქონდა ციხეში მოენახულებინა, პირველ რიგში, პატიმარი და გარკვეულწილად დაემშვიდებინა და ეშუამდგომლა ხელისუფლებასთან, რომ შეეცვალათ მისთვის აღკვეთის ღონისძიება, თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, პატრიარქთან შესულები იყვნენ მეუფე იაკობი და სხვა სასულიერო პირები და დაარწმუნეს პატრიარქი, რომ მამაოს გარეთ გამოშვებით მისსავე სიცოცხლეს შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა,“ - განაცხადა ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა.