„მეუფე პეტრე იყო მთავარი სამიზნე, ციანიდის თემასთან ერთად, რომ გაენადგურებინათ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით,“ – ეს განცხადება ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრია სარიამ, გადაცემა არჩევანში ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
„მეუფე პეტრე იყო ის ადამიანი, ვინც გამოეხმაურა, რომელიც გამოეხმაურა მამა გიორგის საქმეს და მეუფე პეტრემ ცალსახად თქვა, რომ ჩემი ვარაუდები 100%-ით გამართლდა, როდესაც ის გამოვიდა საკნიდან,“ - ამბობს მამა ანდრია სარია.
მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძეს ადრეც აიძულებდნენ, რომ საქმეში სხვა პირების ბრალეულობის შესახებ ესაუბრა და მამა ანდრია და სოსო ოხანაშვილი თანამზრახველებად დაესახელებინა.
მისი თქმით, პროკურატურა დაინტერესებული იყო, რომ სხვა პიროვნებებიც გამოკვეთილიყო.
„ვხედავთ, რომ პროკურატურა და შორენას მიმდევრები აბსოლუტური მიზანდასახულობით ცდილობენ, გამოკვეთონ ის პირები, რომლებიც იცავენ მამა გიორგის უდანაშაულობას,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.
მისი თქმით, პროკურორი ჯარჯი წიკლაური სასამართლო პროცესზე დავალებას ასრულებდა. მამა ანდრია დარწმუნებულია, რომ პროკურატურა შორენა თეთრუაშვილთან თანამშრომლობს.
ის აცხადებს, რომ პროკურორები მეუფე პეტრე ცაავას პიროვნული ღირსების შელახვას ცდილობენ.
„ეს პროკურორები საქმის დეტალებით კი არ არიან დაინტერესებულები, არამედ დაინტერესებულები არიან, რაც შეიძლება, მალე გაასამართლონ მამა გიორგი და ის ადამიანები, რაც შეიძლება, მალე გააჩუმონ, ვინც მამა გიორგის იცავს,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.
ის ფიქრობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტის მომხრეები და პროკურატურა ერთად მუშაობენ.
„ისინი შერწყმულები არიან ერთმანეთში და ერთმანეთს აძლიერებენ,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.