წერეთლის ქუჩაზე შენობის დემონტაჟის დროს დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ალადაშვილის კლინიკის ექიმი აცხადებს, ამ დროისთვის მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდეს.
გარდა ამისა, ალადაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც აცხადებდა, რომ საავადმყოფოს ხარჯებს თავადვე აანაზღაურებდა, თუმცა კითხვაზე, არის თუ არა ის იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც შენობის დემონტაჟს ახორციელებდა, ქალბატონი ამბობს, რომ ის დაშავებული მუშის ნათესავია. თუმცა, საპირისპიროს ამბობს თავად დაზარალებულის დედა. მისი თქმით, ქალბატონი სწორედ „royal group“-ის წარმომადგენელია.
ჯერჯერობით კომპანიიდან კომენტარი არავის გაუკეთებია, თუმცა ადგილზე მისულები იყვნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები. მათი თქმით, კომპანია შრომის უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული.
„კონკრეტული სტანდარტია დარღვეული, რომელიც ეხება სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებას,“ - აღნიშნავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა.