18 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
10 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ მათი უფლებები დაცულია

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი აზრის ერთობლივი კვლევა  ჩაატარეს.  შედეგების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ მათი უფლებები დაცულია, თუმცა ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები საიდუმლო არ არის.

„ჩვენ ვესაუბრეთ 5000-ზე მეტ ადამიანს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ გაგვეგო უკეთ, თუ როგორ ხედავენ ისინი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან დროს მოხდა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც, რადგან ყოველდღიურად გვესმის ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. გამოვყოფ 2 საკითხს: ხალხი უმეტესად, აღიარებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას და ამ მხრივ მთავრობის ძალისხმევას, თუმცა, ამავდროულად, ხალხი აცნობიერებს, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მთელ რიგ სფეროებში,“ აცხადებს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, შომბი შარპი.

გამოკითხულთა მესამედის შეფასებით, ირღვევა შრომითი უფლებები, ნახევარზე მეტი კი რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა უმცირესობების უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით მაქსიმალურად უნდა იმუშაოს.

„ჩვენ ძალიან კარგი და მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მათ შორის რელიგიის სააგენტოსთან და მოსახლეობა ძალიან მალე იხილავს კარგ ინიციატივებს ჩვენი მხრიდან,“ - განაცხადა სოფიო კილაძემ.

კვლევა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წლის თებერვალში დასრულდა. სულ გამოიკითხა 5 ათასი რესპოდენტი.

დღის ამბები