ქართული სუნელების შემდეგ, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა ხორცსა და სასმელ წყალშიც აღმოჩნდა. ინფორმაციას, სურსათის უვნებლობის სააგენტოზე დაყრდნობით, ვებ პორტალი momxmarebeli.ge ავრცელებს. საგანგაშო კვლევის მიხედვით დგინდება რომ, ნორმაზე დასაშვებ დონეს 2-ჯერ ან 3-ჯერ აღემატება კვერცხში, მარილსა და რძეში აღმოჩენილი ტყვიის შემცველობა. 2000 შესწავლილი პროდუქტიდან უწყებამ ტყვიის მაღალი დონე 64-ში აღმოაჩინა.
ხორცსა და სასმელ წყალში აღმოჩენილი ტყვიის მაღალი დონე საგანგაშოა ტოქსიკოლოგებისათვის. იმის გამო, რომ ქიმიურად საშიში ნივთიერება ქრონიკულ დაავადებებს იწვევს მეცნიერები ითხოვენ, რომ სახელმწიფო უწყებებმა ტყვიის მაღალი დონის წარმომავლობა შეისწავლონ და ამავდროულად მოსახლეობაც გამოიკვლიონ.
არასამთავრობო ორგანიზაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონაცემების დამალვაში ადანაშაულებენ. თუმცა, სააგენტოში ამბობენ, რომ ტყვიაშემცველი პროდუქტები უწყების მიერ კონტროლდება.
საქართველოში ნაყიდ ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზის შესახებ ინფორმაცია, ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით სააგენტო On.ge-მ გაავრცელა.