"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი თანამშრომელი შოთაძის უწყებას მისი ცემის გამო გიორგი ლომიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვს. ირაკლი ლატარია ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ის facebook-ის მიმოწერის გამო სასტიკად სცემა. ირაკლი ლატარიას ინფორმაციით, გიორგი ლომიას დავალებით ის სახლიდან პარტიის ოფისში მოტყუებით მიიყვანეს. ერთ-ერთ ოთახში სკამზე დააბეს და რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ.
ლატარიას მტკიცებით, მის ცემაში გიორგი ლომიას გარდა, იმ დროს პოლიციის თანამშრომელი ვინმე კენკებაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
შემთხვევა, რომელზეც ლატარია საუბრობს მისივე ინფორმაციით 9 თვის წინ, საპარლამენტო არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. ლატარია ამბობს, რომ ცემისგან მიღებული დაზიანებები ფოტოზეც აქვს აღბეჭდილი.
ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებს გიორგი ლომია არასერიოზულს უწოდებს. "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ირაკლი ლატარია პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გარკვეული ჯგუფის დავალებას ასრულებს.
ცილისწამებისთვის ირაკლი ლატარიას "პატრიოტთა ალიანსიც" უჩივლებს.