18 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ოპოზიცია სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ოლიგარქების გარიგებად აფასებს

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პარტიის წევრებისთვის მოულოდნელი არ არის.

„დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია ამ ოლიგარქიული გარიგების შესახებ და რეალურად, ველოდით კიდეც. სააკაშვილის პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების გეგმა დიდი ხნის წინ დაიწერა კრემლში და ეს გადაწყვეტილებაც ასხამს წყალს სწორედ რუსეთის წისქვილზე,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას გააგრძელებს და მის ექსტრადირებას შეეცდება, რაც საქართველოს იმიჯს დააზიანებს.

„ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, იმიტომ რომ ის დაზიანებული რეპუტაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დევნის შედეგად, კიდევ უფრო იქნება დაზიანებული. საბოლოო ჯამში, ალბათ არაფერი არ გამოუვათ, მაგრამ შედეგი იქნებ ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი კიდევ უფრო დაზიანდება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები