18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
შესაძლო კორუფცია სასჯელაღსრულების სამინისტროში - გიორგი ბაჯელიძემ ამ წუთებში პროკურატურაში იმყოფება

საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულების სამინისტროს საეჭვო შესყიდვებთან დაკავშირებით, ძიება დაიწყო. შესაძლო კორუფციის შესახებ ინფორმაცია "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელმა გიორგი ბაჯელიძემ რამდენიმე კვირის წინ „კურიერის“ რეპორტაჟში გაასაჯაროვა. ამ წუთებში ბაჯელიძე პროკურატურაში იმყოფება.

საქმე ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების კვებით მომსახურებას, რისთვისაც ტენდერის გარეშე საეჭვო გარემოებაში 1 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

ერთ-ერთი სადავო შესყიდვა უკავშირდება კომპანია „ბეიკერს“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ნათესავია. ეს არის კომპანია, რომელიც გარკვეული პერიოდია აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან.

როგორც გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, ოფიციალურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, საუბარია დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში მილიონ ნახევრის შესყიდვაზე.

შესყიდვები ბაჯელიძის განცხადებით განხორციელდა პირდაპირი წესით და არა ტენდერით.

„როგორც მითხრეს აღძრულია სისხლის სამართლის საქმე იმ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, კორუფციის მაღალი რისკის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რაც დადებულია სასჯელაღსრულების სამინისტროში. ყველაფერი გააკეთა სასჯელაღსრულების შესყიდვების სამსახურმა და საფინანსო სამსახურებმა, რომ ამ კომპანიებისთვის მოერგოთ ეს ტენდერები,“ - განაცხადა გიორგი ბაჯელიძემ.

პროკურტურამ ძიებამ საკუთარი ინივიატივით, „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო.

 

დღის ამბები