თბილისის ბიუჯეტს დავით ნარმანიას მერობა 3 მილიარდი დაუჯდა. მერობის ვადის ამოწურვამდე, დაახლოებით სამი თვით ადრე, დათვლილია თანხა, რომელიც დავით ნარმანიამ 3 წლის განმავლობაში, პოსტზე ყოფნისას დახარჯა. თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი მერიაში დასაქმებულების ხელფასებს, პრემიებსა და დანამატებს მოხმარდა.
სოციალურად დაუცველებისთვის თბილისის მერიას 3 წლის განმავლობაში 600 მილიონი უნდა დაეხარჯა, მაგრამ რამდენი მოხმარდა საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას, ჯერ არ დაუთვლიათ. დავით ნარმანიას მერად არჩევის დროს, ერთ ბენეფიციარზე 1.18 თეთრი იხარჯებოდა, სამი წლის შემდეგაც ეს თანხა უცვლელია.
რაც შეეხება მილიონი ხის პროექტს, 3 წლის განმავლობაში დედაქალაქის გამწვანებისთვის 42 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯათ. დავით ნარმანია ამტკიცებს, რომ მილიონზე მეტი ხე დაირგო, თუმცა სად, ამის პოვნა თბილისში შეუძლებელია. ის რაც დარგეს ნაწილი გახმა. ხეების ჭრა ნარმანიას მერობის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
დედაქალაქის მოუწესრიგებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ოპოზიციის თქმით, ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
მერიის მიერ დახარჯული 3 მილიარდის გარდა, თბილისის ბიუჯეტს, დაახლოებით 41 მილიონი დაუჯდა თვითმმართველობის კიდევ ერთი უწყების, საკრებულოს შენახვა.