გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ ყველა რესურსი რათა ცეცხლი მასშტაბურ ხანძარში არ გადაზრდილიყო - ამ საკითხის გამოსაძიებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა.“
ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას არაეფექტურ ქმედებებში ადანაშაულებს.
„მას შემდეგ, რაც მოხდება ხანძრების ლიკვიდაცია, აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვებს, რაც გაჩნდა საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დროულად მოახდინა ხელისუფლებამ რეაგირება და ასევე გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იქნება საუკეთესო გზა იმისთვის, რომ დამოუკიდებელმა ინსტანციამ შეძლოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მნიშვნელოვნად თვლიან „ევროპულ საქართველოშიც,“ თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტულად წაღვერის ტყეში ცეცხლის დროულად ჩაქრობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას მიიჩნევენ.
„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მოცემულ სიტუაციაში არის ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და მოუმზადებლობა და მეორე რომ ეს უნდა ჩაქრეს. შემდეგ დადგება დრო იმისა, რომ მოვიკითხოთ რა მოხდა, დივერსია იყო თუ არ იყო დივერსია,“-აცხადებს სერგო რატიანი.
ხანძრის ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაჩენის საკითხზე საუბრობს მმართველი გუნდიც. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობისას ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის დივერსიაც.
„ვერსიები არსებობს თეორიულად, ეს შეიძლება იყოს დაუდევრობა, ბუნებით გამოწვეული სიცხის გამო გაჩენილი ხანძარი, თუმცა შეიძლება იყოს ხელოვნურად ჩარევა. შეიძლება ისიც იყოს რომ ყველა ხელოვნურად არ იყოს, მაგრამ სადღაც მიზანმიმართული მოქმედებაც იყოს. თუმცა ეს არის მხოლოდ თეორიული ვერსიები და გამოძიება უნდა დაკონკრეტდეს,“-ამბობს ირაკლი სესიაშვილი.