თოჯინების თეატრის მსახიობები სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენებას აქციით გააპროტესტებენ. ისინი ყოფილი ხელმძღვანელთან ერთად, კულტურის სამინისტროსთან გეგმავენ შეკრებას.
მსახიობების ნაწილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ელენე მაცხონაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ.
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი დაიკავებს.
საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც თოჯინების თეატრს 4 წელი ხელმძღვანელობდა.
„გუშინ აკეთებდა ის განცხადებებს, რომ მე ვარ უნიათო, უპასუხისმგებლო სამხატვრო ხელმძღვანელი, მე ვითხოვ მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში დაჯდომას. მე მაქვს რამდენიმე კითხვა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იყოს შეფასებული ჩემი ოთხ-წლიანი მოღვაწეობა,“-განაცხადა თოჯინების თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე მაცხონაშვილმა.
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და მაცხონაშვილის გათავისუფლებას მხარს უჭერს მსახიობთა მეორე ნაწილი. ისინი მაცხონაშვილის მხრიდან უსამართლო ქმედებებსა და ნეპოტიზმზე საუბრობენ.